пятница, 13 ноября 2009 г.

ლექსები, ნარკვევები

   ე.ქონიაშვილი

 

 

                                          იკორთა

       

            იკორთის ციხე  და იკორთის ტაძარი,

           მთის ზვიად კალთებზე კეკლუცად მდგარი,

           თანამედროვეთა მხოლოდ სამკუთხედი,

           ციხეს ხერხემალი ჯერ არ გასტეხია.

           ტაძარს პერანგი მთლად არ დახევია

           ზოგი ნახევრები ირგვლივ მოჰფენია.

           ტაძარი ჩვენ გვიხმობს...

           მომხედეთ, მიშველეთ...

           ჩუქურთმა მომრყევია...

 

 

               * * * * *

 იკორთის დაბლა შფოთავს სოფელი, 

ათას ჭირსა და ლხინში ნაგები,

ყოველ გაზაფხულს საგულდაგულოდ,

აყვავებული ხეხილის ბაღებით.

მის ბაღ–ვენახებს ნუ დაივიწყებთ

და არასოდეს არ დაბერებით.

 ეჰეი, ბიჭებო დაგავიწყდებათ?

მშობლიური სოფლის  ბაღ–ვენახები...

ნეტამც არ დაგძინებოდათ

მანდ საუკუნო ძალითა,

ნეტავ არ დაცემულიყავთ

მტერთან ბრძოლაში ტყვიითა.

ნეტამც გენახათ სამშობლო

აყვავებული ფრთამალი.

ნეტავი დედის ალერსით

დამტკბარიყავით ნაბრძოლნი,

ნეტავი ბუდე შეგექმნათ,

გეზარდათ თქვენი შვილები,

ნეტავ თქვენს კისრებს ეზიდათ

მამობის წმინდა უღელი.

                               

                             ე. ქონიაშვილი

                                   1984 წელი


                       ქვეშელები

                         (ჩანაწერი)

 

დედები აღარ ეუბნებოდნენ ,,ნანას“აკვანში ჩაკრულ შვილებს. უთენია დგებოდნენ, ჩვილებს მოზრდილ შვილებს უტოვებდნენ და გასწევდნენ ხან სასახლის მიწებისკენ, ხან სახატოსკენ, ხან  დაზნექილებისაკენ,ხან თავწვრილებისაკენ.

ბარავდენენ და ჩერკნიდნენ, თოხნიდნენ და რწყავდნენ, ყანას მკიდნენ და ლეწდნენ,სიმინდს ჭრიდნენ და არჩევდენენ მკლავმოუღლელად,მუხლჩაუხრელად, პირმოკუმულნი, თვალში ცრემლჩამდგარნი,შურისძიების  ბოღმა ჩაგუბებულნი.

სუფთა ჰაერი და ცივი წყალი,მჭადი და ოჯახის მარჩენალი ძროხის ჩამონაწველი იყო შინდარჩენილთა საზრდო.

მარცვლეულს თუ ბოსტნეულს, ხილს თუ ნაზარდ პირუტყვს–ყიდდნენ ბაზარზე. ყოველ დროს სახელმწიფოს აბარებდნენ სესხის სახით, ალალი გულით, ოღონდ მოსპობილიყო გადამთიელთა თარეში ჩვენს მიწა–წყალზე,–ოღონდ დამარცხებულიყო ვერაგი მტერი.

დედები–შვილებისგან,ცოლები–ქმრებისგან, დები–ძმებისგან ელოდნენ სამკუთხა ბარათებს ფრონტიდან.  და მოჰქონდა ფოთე ფოსტალიონს ვაჟკაცური შემართებით აღსავსე ბარათებით. ზოგიერთი სტრიქონი ცრემლით იყო დანამული, მაგრამ გამარჯვების იმედით სავსე. მიჰქონდა დაუზარელ ფოსტალიონს ამანათის ყუთები, გაძეძგილი თბილი წინდებით, ხელთათმანებით, ხილეულით და ჩურჩხელებით.

–ადამიანო,–ეტყოდა მაშო ქმარს,–თვითონ ვერ გადაიტანეს ფოსტამდე? ხო წელი მოგწყდა, რვა კილომეტრზე ოთხი ყუთი როგორ უნდა ათრიო,ორმოცი კილო მაინც გამოვა.

–ოხ, შე რჯულგარდამავალო, შენა! მაგისთვის სცალიათ ქალებსა? ისედაც ცეცხლი მიკიდია, სამი დაღუპვის დეპეშა მაქვს გადასაცემი და ვერ გადამიცია მათი უბედური ცოლებისთვის. ილიკასა და ელიჩკას რომ შევხვდები, ცოდვით ვიწვი. ჯერ სულ იმათი ბაგრატას მამაცობის ამბები მოჰქონდა გაზეთებითა თუ წერილებით. ახლა მისი დაღუპვის უწყება მიდევს გულის ჯიბეში და ნაკვერჩხალივითა მწვავს. ჩემი ვასო რომ ომმა შეიწირა, იმის შემდეგ ყველა მშობელს ვლოცავდი, მაგარამა რა გამოვიდა? ბედმა მე დამაკისრა ამ უბედურების დარიგება უიღბლო მშობელთანა. დღეს იქ წადი, დაზნექილებში, გუშინდელი გათიბული დააბულულე, თავჯმდომარეს არ აწყენინო, კარგი ბულულები დადგი, მეც მალე გამოვბრუნდები და მოგეშველები–დასტოვდა ამბავს და დატვირთული გასწევდა მეჯვრისხევის ფოსტისკენ.

–ოი,ღმერთო, შენ ამოსწყვიტე, ვინც ეს უბედურება თავს დაგვახვია!–დაიწყებდა წყევლა–კრულვას მაშო... ჯერ იყო და ჩემო ვასო დაჭრეს ხალხინ–გოლთან,თუ რაღაც ჯანდაბაა, იმ ქალაქთან. ტყვიით დაცხრილული ჩამომივიდა ,დედა მოუკვდეს იმასა. ,,სიმამაცის მედალი: იმის მეტს მაშინ ჩვენ რაიონში არავის ჰქონდა, აქ აღარ გაუხარია. წლამდე ძლივს ვაცოცხლე,წელიწადი არ მეაღწევინოს ღმერთმა ი ჰიტლერია, თუ ვიღაც ოხერი! რა ვქნა ნეტა ჩემი დათა , მიხო და ბაგრატა მშვიდობით დამიბრუნდნენ და ვასოს მკვდრად აღარ ჩავთვლი–მაინც სულ იმას ამბობენ: ცოცხალია ,არ მომკვდარაო.

ქვეშელი მამაკაცები იქ იყვნენ, სადაც ქვეყნის ბედი წყდებოდა, ქალები აქ შრომობდნენ.

 –ბრიგადირები–ქალები , მერგოლურები – ქალები, მაშ რა გვექნა?! – ამბობენ ახლა უკვე პენსიონერები.  შრომამ შეგვიმსუბუქა ნაღველიო, –იტყვიან ხოლმე მარგალიტა, ტასია, ნინო, თამარი, მარუსა და ვინ მოთვლის რამდენი–ომში დაღუპულთა ცოლები.

–რა პატარა ჩემი ქმარი იყო, ტყვია ვერ ეპოვაო,–ახლაც იტყვის ხოლმე ვარო ელიზბარაშვილი, –ორ მეტრს არა უკლდა რა, ხუთი შვილი დამიტოვა...–აბა, შენ იცი თაყაძეების ქალოო!... წავიდა და აღარ დაბრუნდა... დავზარდე შვილები, ქვეყანასაც პირნათლად ვემსახურე, ერთი ბოღჩა ფული ვასესხე მთავრობასა, სურათი კინოსათვის სწორედ მაშინ გადამიღეს. გუშინწინ რვაასი მანეთი  შემოიტანა ჩემმა გურამმა–ობლიგაციამ დაფარაო. რა ვუყოთ, მშვიდობა იყოს დარა ვქნა, სულაც არ მოვიგონებ მაშინდელ გაჭირვებასა.

სკოლის დამლაგებელი კატუშაკინო ,,არსენას“ ნახულობს. არსენა დევგმირობით  ჩემ დევგმირ ლექსასა ჰგავსო, იმას რომ დავინახავ გული მიხარისო, – ჩემი ქმარი იქა ომობდა,მე –აქ,არც ქვეყნისთვის მიღალატია, არც ჩემი ოთხი შვილისთვის, დედა ენაცვალოს ჩემ  კატოსა! –იტყვის ხოლმე მარო, ვაჟკაცის თვალტანადობა ააქვს და ვაჟკაცებთან იყო. მტერს ბერლინამდე სდია, იქიდან ორდენებითა მედალებით მკერდდამშვენებული  დამიბრუნდა. ახლა სტალინის მადლობა რამდენი აქვ?! კარგი ოჯახი შექმნა, ოქროსავით ქმარ–შვილი ჰყავს, ბინაც კარგი მისცეს გორში და ავტომობილიცა.

 ეგრე იყო მაშინ საჭირო,– იტყვის ხოლმე ჩემი სახელოვანი ქალი. სამშობლოს სიყვარულით სიყვარული ძალას გვმატებდა, ყველაფერს ვიტანდით, რაც გამარჯვებისთვის გვჭირდებოდაო.

ქარიშხალმა გადაიარა. ვერაგ მტერს თავის ბუნაგში გააფრთხობინეს სული. დღითიდღე  მატულობს ომის ვეტერანთა მონაწილეებისადმი პატივისცემა და დაფასება.

ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ. შინმოუსვლელთა მეუღლეები და დედები დარწმუნდნენ რომ გმირები არ კვდებიან.

                                                                                                   

                                          ელენე ქონიაშვილი

                                     გორის რ–ნი სოფელი ქვეში.

                     ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი

                                            1975წლის. ნოემბერი